„სესხი არ დამიმტკიცდა, იქნებ შენს სახელზე გამოვიტანო კრედიტი“ – ასეთი ფრაზები ხშირად გვესმის დღევანდელ რეალობაში. ამასთან, ჩვენ ხშირად ვიღებთ სესხს ახლობელი ადამიანისთვის და გადახდას მას ვანდობთ. არის შემთხვევა, როდესაც ჩვენი საკრედიტო ბარათით ან სესხით სხვა სარგებლობს და ის თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ დროულად გადაიხადოს ვალდებულება. ხშირად გარკვეული მიზეზების გამო ისინი ვერ ახერხებენ სესხის დაფარვას. ასეთ დროს თანხის გადახდა ჩვენ გვიწევს. ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში პრობლემა გვექმნება. რა რისკები ახლავს თან ახლობელი ადამიანისთვის სესხის აღებას, როგორ უნდა ვაკონტროლოთ გადახდები და თავიდან ავირიდოთ საკრედიტო ისტორიის გაფუჭება?
თუ მეგობარი ან ახლობელი ადამიანი თქვენს სახელზე სესხის გამოტანას გთხოვთ, გაარკვიეთ ამის მიზეზი. საფინანსო კომპანიები სესხის დამტკიცებისას ითვალისწინებენ მომხმარებლის საკრედიტო ისტორია, შემოსავლის ოდენობას, სტაბილურობას. თუ კლიენტს უარყოფითი საკრედიტო რეიტინგი აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას წარსულში პრობლემები ჰქონდა სესხის დაფარვაზე ან შესაძლოა დაუფარავი ვალდებულებები აქვს. ასეთ დროს, კომპანიები თავს იკავებენ სესხის დამტკიცებისგან, რადგან გადაუხდელობის რისკი მაღალია. უარის მიზეზი შეიძლება იყოს მიმდინარე ვალდებულებები ან არასაკმარისი შემოსავალი.
რა უნდა იცოდეთ, სანამ ახლობლისთვის აიღებთ სესხს
- სესხის გამოტანა თქვენი სახელით ნიშნავს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. დაფიქრდით რამდენად მზად იქნებით სესხის გადახდისთვის, თუ მეგობარი არ დაფარავს ვალდებულებას.
- ყურადღება მიაქციეთ სესხის პირობას. რამდენს იღებთ, რა ვადაში უნდა მოხდეს კრედიტის დაფარვა და რა დამატებითი ხარჯი ექნება პროდუქტს დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში.
- გაითვალისწინეთ თქვენი შემოსავლის ოდენობა, რათა იცოდეთ რამდენად შეძლებთ ვალდებულების გადახდა, თუკი მეგობარი ვერ გაისტუმრებს ვალდებულებას.
- შეაფასეთ მეგობრის გადახდისუნარიანობა – თუ ახლობელ ადამიანს უარი უთხრეს საფინანსო კომპანიიდან სესხის აღებაზე, ეს იმას ნიშნავს, გადაუხდელობის რისკი მაღალია. შესაბამისად, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ თანხა თქვენი გადასახდელი გახდეს.
დაფიქრდით, სანამ ახლობელი ადამიანისთვის აიღებთ სესხს. გახსოვდეთ, რომ კრედიტის გადაუხდელობის შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ ვალდებულების დაფარვა. შეაფასეთ რისკები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება. თუ უარს იტყვით ვალდებულების დაფარვაზე, თქვენი საკრედიტო ისტორია უარყოფითი გახდება. ეს კი მომავალში პრობლემას შეგიქმნით საფინანსო კომპანიებთან თანამშრომლობასა და სესხის აღებაში.