რატომ უნდა გავხსნა ანაბარი, რას უნდა მივაქციო ყურადღება, რა სარგებელს მივიღებ გარკვეული პერიოდის შემდეგ? – ეს კითხვები ყველა ჩვენგანს უჩნდება დეპოზიტის გახსნისას.
ანაბარი ფულის დაგროვების და სარგებლის მიღების საუკეთესო საშუალებაა. მისი დახმარებით მარტივად ვაკეთებთ დანაზოგს, ვიღებთ პროცენტს და თანხას ვინახავთ უსაფრთხოდ. დეპოზიტების საპროცენტო სარგებელი ბანკებში განსხვავებულია. ის დამოკიდებულია ანაბრის ტიპზე, ვალუტაზე, ვადასა და თანხის ოდენობაზე. თითოეული ტიპის დეპოზიტს განსხვავებული პირობა აქვს.
ვადიანი ანაბარი კონკრეტული პერიოდითა და თანხით იხსნება. სარგებლის გატანა შესაძლებელია ვადის დასაწყისში, ყოველთვიურად ან ვადის ბოლოს. სხვა ტიპის დეპოზიტებთან შედარებით, მასზე საპროცენტო სარგებელი მაღალია. ვადიანი ანაბრის გახსნა 3-დან 24 თვემდე ვადით შეიძლება. ხელშეკრულების ვადაზე ადრე დარღვევის შემთხვევაში კი საპროცენტო სარგებლის ოდენობა იკლებს.
შეგროვებადი ანაბარი ვადიანი ტიპის დეპოზიტებს მიეკუთვნება, ვინაიდან ის კონკრეტული პერიოდით იხსნება. მასზე შესაძლებელია თანხის დამატება. ასევე, ანაბრის თანხის დაკონვერტირება სხვა ვალუტაში. ვადიან ანაბართან შედარებით მასზე ნაკლებია საპროცენტო სარგებელი.
მოთხოვნამდე ანაბარი უვადოა. მასზე შესაძლებელია თანხის დამატება ან გამოტანა ნებისმიერ დროს. მოთხოვნამდე ანაბარზე საპროცენტო განაკვეთი, როგორც წესი, უფრო დაბალია, ვიდრე ვადიან დეპოზიტზე.
როგორ შევარჩიოთ საუკეთესო პირობა?
დეპოზიტის გახსნამდე გაიგეთ საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, შეამოწმეთ კომერციული ბანკების ვებგვერდები, განსაზღვრეთ დაზოგვის მიზანი და დეპოზიტის ტიპი. ამასთან, გაითვალისწინეთ საპროცენტო სარგებლის დარიცხვის მეთოდი.
- პროცენტის დარიცხვის მარტივი მეთოდი – თუ ანაბარზე პროცენტის დარიცხვა ხდება ვადის ბოლოს, ერთჯერადად, დარიცხვის მეთოდი მარტივია. შესაძლოა ანაბარს რამდენჯერმე დაერიცხოს სარგებელი, მაგრამ თუ ძირ თანხაზე ანგარიშდება პროცენტი მარტივად ერიცხება.
- პროცენტის დარიცხვის რთული მეთოდი – თუ ანაბარს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში რამდენჯერმე ერიცხება სარგებელი და პროცენტის დარიცხვა ხდება ძირ თანხასა და უკვე დარიცხეულ პროცენტის ჯამზე, ეს დარიცხვის რთული მეთოდია.
ანაბრის გახსნისას განსაზღვრეთ შენახვის მიზანი. თუ თანხას გრძელვადიანი მიზნისთვის აგროვებთ, უმჯობესია არჩევანი სტაბილურობაზე გააკეთოთ და ანაბარი დოლარში გახსნათ. თუ თქვენი მიზანი მცირე თანხის დაგროვებაა, რომელსაც ქვეყნის შიგნით ანგარიშწორებისას დახარჯავთ, არჩევანი შეგიძლიათ ლარზე შეაჩეროთ. არსებული საპროცენტო განაკვეთებისა და სხვა პირობების შემოწმება შეგიძლიათ ბანკების ვებგვერდებზე. განსაზღვრეთ რა არის თქვენი მიზანი და ანაბრის ტიპი ამის მიხედვით შეარჩიეთ.
რა უნდა გაითვალიწინოთ ანაბრის გახსნისას?
- საფინანსო კომპანიის სანდოობა – ანაბრის გახსნისას თქვენ თანხას საფინანსო ინსტიტუტს ანდობთ, ამიტომ მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ მისი ცნობადობა, სანდოობა. ამასთან, ყურადღება მიაქციეთ სარგებლის ოდენობას. მაღალი საპროცენტო სარგებლის მიღება ხშირად ფინანსურად რისკიანია.
- დამატებითი საკომისიოების ოდენობა – ზოგიერთი ტიპის ანაბრებს აქვთ მომსახურების საკომისიო, ეს ძირითადად მოთხოვნამდე დეპოზიტებს ეხება. დააზუსტეთ ინფორმაცია კომპანიასთან დამატებითი ხარჯების შესახებ.
- ვალუტის სწორად შერჩევა – ვადიანი ანაბრები გარკვეული პერიოდით იხსნება. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს ვალუტის სწორად შერჩევას. გრძელვადიან პერიოდში ვალუტის გაუფასურებას შეუძლია მიღებული საპროცენტო სარგებლის შემცირება.
ანაბრის გახსნამდე განსაზღვრეთ მიზანი თუ რისთვის აგროვებთ თანხას, შეარჩიეთ სასურველი ტიპის დეპოზიტი, შესაბამისი ვალუტით და მიიღეთ მეტი სარგებელი. ანაბრის გახსნა დაგეხმარებათ თანხის სწრაფად დაგროვებასა და ფინანსური მიზნების მიღწევაში.