მოსახლეობის უმრავლესობას ერთხელ მაინც უსარგებლია საკრედიტო პროდუქტით. განვადება, სამომხმარებლო სესხი, საკრედიტო ბარათი – სერვისების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ფინანსური პრობლემის დროს იმდენად გვეჩქარება საჭირო თანხის მიღება, რომ ხშირად მომსახურების პირობას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ. მთავარი საჭირო თანხის დროულად მიღებაა, თუმცა გვავიწყდება რომ პროდუქტის პირობის ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს და სწორედ ამაზეა დამოკიდებული თუ რამდენის გადახდა მოგვიწევს ყოველთვიურად.
მომხმარებლების სურვილია ისარგებლონ დაბალ პროცენტიანი სესხით და გადაიხადონ ნაკლები საკომისიო. რა უნდა გაითვალისწინოთ თუკი დამატებითი თანხა გჭირდებათ და როგორ უნდა დაზოგოთ ფული კრედიტის აღებისას?
პირველ რიგში განსაზღვრეთ თუ რა მიზნით იღებთ სესხს, რამდენი გჭირდებათ და რა ვადაში დაფარავთ. ამის მიხედვით შეარჩიეთ კრედიტის ტიპი. თუ თქვენ მნიშვნელოვანი მიზნისთვის იღებთ თანხას, გეგმავთ ბინის ან ავტომობილის შეძენას, გრძელვადიანი ტიპის სესხი გაგიწევთ დახმარებას. ხოლო თუ მცირე თანხა გჭირდებათ და იცით, რომ მას მალევე დაფარავთ, ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ონლაინ სესხების მომსახურებას მიმართოთ. ნებისმიერი ტიპის სესხის აღებისას გაითვალისწინოთ პროდუქტის პირობა.
რა ფაქტორებს უნდა მიაქციოთ ყურადღება
- ხელშეკრულების თავსართი – თავსართში მოცემულია ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები. კერძოდ; ნომინალური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთები. ასევე, მითითებული ინფორმაცია თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ უკმაყოფილების შემთხვევაში, სად შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი პრეტენზია.
- ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – მისი გამოთვლისას გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი და პერიოდი. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით შეგიძლიათ მარტივად შეადაროთ სხვადასხვა საკრედიტო პროდუქტები ერთმანეთს.
- დამატებითი, გაუთვალისწინებელი ხარჯი – საკრედიტო პროდუქტებს ხშირად აქვს დამატებითი ხარჯი, რაც შეიძლება იყოს სესხის გაცემის, წინსწრებით დაფარვის საკომისიო. დამატებითი დოკუმენტების ხარჯი. ამასთან, თუ სესხის თანხა საბანკო ანგარიშზე გერიცხებათ შესაძლოა გქონდეთ ბარათიდან გატანის საკომისიო. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია წინასწარ დააზუსტოთ ინფორმაცია დამატებითი გადასახადის შესახებ. ეს თავიდან აგარიდებთ გაუთვალისწინებელ ხარჯს.
სესხის აღებისას აუცილებელია გაეცნოთ რამდენიმე კომპანიის შეთავაზებას. ეწვიეთ მათ ვებგვერდს და გაიგეთ პროდუქტის პირობა დეტალურად. სესხის კალკულატორი კარგი საშუალებაა გადასახადი თანხის გამოსათვლელად. თუმცა, ამასთან ერთად გაითვალისწინეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და ხელშეკრულება. სესხის სწორად შერჩევა დაგეხმარებათ თანხის დაზოგვაში, მარტივად შეძლებთ კრედიტის გადახდას, შეიქმნით დადებით საკრედიტო ისტორიას და მომავალში გაიმარტივებთ სესხის აღებას.