გაუთვალისწინებელი ფინანსური პრობლემა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება გაჩნდეს. შესაძლოა კრედიტის აღების პროცესში სტაბილური შემოსავალი გქონდათ, მაგრამ დღეისათვის სიტუაცია შეიცვალა და ვეღარ ახერხებთ ვალდებულების გადახდას. როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს? როგორ უნდა დაფაროთ სესხი?
ფინანსური პრობლემის დროს ბევრი მომხმარებელი თავს არიდებს საკრედიტო კომპანიასთან ურთიერთობას და არ პასუხობს ზარებს. ცხადია, ეს ვერ მოაგვარებს პრობლემას. პირიქით, გადაუხდელობის შემთხვევაში დაგეკისრებათ ჯარიმა და გადასახადი თანხის ოდენობა უფრო მეტად გაიზრდება. მომხმარებელთა ნაწილი ახალი სესხის აღებას და ამ თანხით ძველი ვალდებულების გადახდას ცდილობს. ცხადია, არც ესაა ოპტიმალური გადაწყვეტილება, რადგან ასეთ დროს ვალდებულებები და შესაბამისად, გადასახადი თანხის ოდენობა იზრდება. თუ სესხის გადახდას ვეღარ ახერხებთ, დაუკავშირდით საკრედიტო კომპანიას და გააცანით თქვენი ფინანსური მდგომარეობა. კრედიტორმა შესაძლოა შეგიცვალოთ გადახდის გრაფიკი ან შემოგთავაზოთ სესხის რესტრუქტურიზაცია.
რესტრუქტურიზაცია სესხის მომსახურების პირობის ცვლილებაა, რომელიც გეხმარებათ ვალდებულების მარტივად დაფარვაში. რესტრუქტურიზაციის დროს არსებული დავალიანებები ერთიანდება და მას უფრო მეტ ვადაში ფარავთ. თქვენ გაცილებით მეტი დრო გაქვთ სესხის დასაფარად, ყოველთვიურად კი ნაკლებ თანხას იხდით. შესაბამისად, გიმარტივდებათ ვალდებულების გადახდა და არსებული ფინანსური პრობლემის მოგვარება.
სესხის აღებისას მომხმარებლები ნაკლებად ფიქრობენ გადახდის რესურსზე. მათთვის მთავარი თანხის მიღებაა. შესაძლო რისკების თავიდან ასარიდებლად კარგი საშუალებაა საკრედიტო შენატანის დაზღვევით სარგებლობა. მომსახურება დაგეხმარებათ გაუთვალისწინებელ სიტუაციებში. თუკი ვერ მოახერხებთ სესხის დაფარვას, გადასახადი თანხა აგინაზღაურდებათ 6 თვის მანძილზე.
რა უნდა იცოდეთ სესხის აღებისას
იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ პრობლემა სესხის გადახდისას, გაარკვიეთ შემდეგი პირობები:
- პროცენტი – ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ყველა შესაძლო ხარჯს მოიცავს. შესაბამისად, მისი ცოდნა დაგეხმარებათ წინასწარ იცოდეთ რა თანხის გადახდა მოგიწევთ ვალდებულების დასაფარად.
- ხელშეკრულება – სესხის ხელშეკრულება მოიცავს როგორც თქვენს უფლება-მოვალეობებს, ასევე დეტალურ ინფორმაციას ხარჯების შესახებ. შესაბამისად, პროდუქტით სარგებლობამდე ყურადღებით გაეცანით მას.
- რესურსი – მას შემდეგ, რაც გაარკვევთ თუ რა თანხის გადახდა დაგჭირდებათ ყოველთვიურად, დაფიქრდით როგორ შეძლებთ ამას არსებული შემოსავლის პირობებში. გაითვალისწინეთ შემოსავლის წყაროს სტაბილურობა და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღეთ.
აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინება შეამცირებს გადაუხდელობის რისკს, თუმცა ვერ უზრუნველყოფს ფინანსური პრობლემის თავიდან არიდებას. სესხის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ გადავადებით, ან მოითხოვოთ რესტრუქტურიზაცია. დროულად დაფარული სესხი დადებითი საკრედიტო ისტორიის შექმნის წინაპირობაა.