თანამედროვე ეპოქაში ინტერნეტის მნიშვნელობა სწრაფად იზრდება. მისი საშუალებით გაცილებით მარტივია გადასახადების გადახდა, სასურველი ნივთის შეძენა, სხვადასხვა მომსახურებებით სარგებლობა. დღეისათვის, მომხმარებლები აქტიურად მიმართავენ უნაღდო ანგარიშსწორებას და გადახდებს საბანკო ბარათით ასრულებენ. როგორ უნდა დაიცვათ უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში და რა უნდა იცოდეთ ინტერნეტით ანგარიშსწორებისას?
- გაუფრთხილდით საბანკო ბარათის პინკოდს – მომხმარებელთა ნაწილი საბანკო ბარათის პინ კოდს ბარათზე აწერს, რათა არ დაავიწყდეს. მსგავსი მოქმედება თქვენს ფინანსურ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს, რადგან მისი დაკარგვის შემთხვევაში შესაძლოა თქვენ მარტივად დაკარგოთ თანხა. თუ რთული პინ კოდი გაქვთ, შეცვალეთ ის მარტივად დასამახსოვრებელი კომბინაციით.
- სიფრთხილე გამოიჩინეთ ბანკომატით სარგებლობისას – ბანკომატების საშუალებით ხშირად ხდება ბარათის ინფორმაციის მოპარვა და შემდეგ მისი გამოყენება. დარწმუნდით, რომ თქვენს მიერ შეყვანილ პინ კოდს ვერავინ ხედავს. თუ თქვენს უკან მდგომი ადამიანები ეკრანს ხედავენ, სასურველია ხელი დააფაროთ კლავიატურას და პინ კოდი ისე შეიყვანოთ.
- ბარათი გამოიყენეთ სანდო სავაჭრო ობიექტებში – მომსახურების ობიექტში თანხის გადახდისას, ნუ გაატანთ თქვენს ბარათს მომსახურე პერსონალს. მოითხოვეთ ტერმინალის თქვენთან მოტანა. ბარათის მონაცემების კოპირებამ შესაძლოა დაგაზარალოთ. გადახდის შემდეგ შეინახეთ ქვითარი და დარწმუნდით, რომ ბარათი დაგიბრუნეს.
- ყურადღება გამოიჩინეთ ინტერნეტ-გადახდებისას -ინტერნეტით ანგარიშსწორებისას ყურადღება მიაქციეთ მონაცემების დაცულობას. ვებგვერდის მისამართს უნდა ჰქონდეს https და მარჯვენა კუთხეში ჩანდეს ბოქლომის სიმბოლო. ვებგვერდზე მოცემული უნდა იყოს იმ საგადახდო სისტემების ლოგოტიპები, რომელთა ბარათითაც შეიძლება გადახდა. უმჯობესია ინტერნეტით ანგარიშსწორებისთვის ცალკე ბარათი გქონდეთ და მასზე გარკვეული ოდენობის თანხა განათავსოთ.
რა არის ფიშინგი და როგორ უნდა დაიცვათ თავი თაღლითებისგან
ფიშინგი ინტერნეტ თაღლითობის ფორმაა, რომლის მიზანია გამოსძალოს მომხმარებელს პირადი მონაცემები, როგორიცაა პაროლი, ანგარიშის ნომერი და სხვა. ინფორმაციის მოპოვება ელექტრონული წერილების დაგზავნით ხდება, სადაც იყენებენ ბანკის სახელს. წერილში ხშირად არის ბმული, რომელზე გადასვლისას ხდება კომპიუტერში შეღწევა და კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვება.
თუ მიიღებთ მეილს, რომელიც გთხოვთ ბმულზე გადასვლას, კარგად გადაამოწმეთ შეტყობინება. პერსონალურ კომპიუტერზე აუცილებლად გამოიყენეთ ანტივირუსი, არ დააკლიკოთ ბმულს, თუ წერილს ნაცნობი ადამიანისგან იღებთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის საფრთხის შემცველი არ იქნება. უსაფრთხოების წესების დაცვა დაგეხმარებათ საბანკო მონაცემების საიმედოდ შენახვაში, რაც თავიდან აგარიდებთ ფინანსურ დანაკარგს.