შვებულება, დაკავებული სამუშაო გრაფიკი – ცხოვრებაში ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც დროულად ვერ ვახერხებთ ბანკის ფილიალში მისვლას და სესხის გადახდას. კრედიტის დაგვიანებით გადახდისას კი გვეკისრება დამატებითი ჯარიმა. ამასთან, ეს უარყოფითად აისახება საკრედიტო ისტორიაზე, რაც მომავალში პრობლემას ქმნის ახალი სესხის აღებისას. საფინანსო კომპანიები ითვალისწინებელ საკრედიტო რეპორტს, როგორც წარსულში ვალდებულებების გადახდის ამსახველ სურათს. ნეგატიური ჩანაწერის შემთხვევაში კი სესხის გაცემისგან თავს იკავებენ. ვადაგადაცილებული კრედიტების შესახებ ინფორმაცია 5 წლის მანძილზე ინახება საკრედიტო რეპორტში, რაც ახალი სესხის აღების შანსს ამცირებს.
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ბაზარზე გამოჩნდა ბევრი ისეთი მომსახურება, რომელიც გიმარტივებთ სესხის დროულად გადახდას, საშუალებას გაძლევთ დაფაროთ ვალდებულება ქალაქიდან ან ქვეყნიდან გასვლის დროსაც.
- მუდმივი საგადახდო დავალება – მომსახურების საშუალებით შესაძლებელია ბანკში მიუსვლელად სხვადასხვა სახის გადარიცხვების წარმოება, ნებისმიერი დავალიანების დროულად დაფარვა, ბანკისთვის წინასწარი დავალების საფუძველზე თანხის გადარიცხვა სასურველი პერიოდულობით. მაგ; თუ თქვენ ხელფასი სხვა ბანკში გერიცხებათ, ხოლო დავალიანებას სხვაგან იხდით, აღნიშნული სერვისის საშუალებით შეძლებთ კონკრეტულ რიცხვში თანხის გადარიცხვას სასურველ ბანკში.
- მობილ ბანკი – მობილ ბანკის საშუალებით შეძლებთ მნიშვნელოვანი საბანკო ოპერაციების შესრულებას. მათ შორის თანხის გადარიცხვას თქვენს ანგარიშებზე ან სხვასთან. ამასთან, შეგიძლიათ შექმნათ გადარიცხვების შაბლონი და ყოველთვიურად მარტივად გადარიცხოთ თანხა სასურველ ანგარიშზე.
- ინტერნეტ ბანკი – ინტერნეტ ბანკის დახმარებით შეძლებთ თანხის გადარიცხვას საკუთარ ანგარიშებს შორის, საქართველოსა და საზღვარგარეთ. თუ თქვენ არ იმყოფებით ქვეყანაში, ინტერნეტ ბანკის საშუალებით გადაიხდით ვალდებულებებს.
თუ არ სარგებლობთ ციფრული არხებით, შეგიძლიათ წინასწარ შეიტანოთ თანხა მიმდინარე ანგარიშზე. სესხის გადახდის დროს ავტომატურად მოხდება თქვენი ანგარიშიდან ვალდებულების დაფარვა. თუ სესხის დროულად დაფარვას ვერ ახერხებთ ფინანსური პრობლემის გამო, უმჯობესია დაუკავშირდეთ საკრედიტო კომპანიას და სთხოვოთ გადახდის გრაფიკის შეცვლა. დაგვიანებული გადახდები უარყოფითად ისახება საკრედიტო ისტორიაზე. მისი გაუმჯობესება კი დროსთან არის დაკავშირებული.
როგორ უნდა გააუმჯობესოთ უარყოფითი საკრედიტო პროფილი?
თუ უარყოფითი საკრედიტო ისტორია გაქვთ, დაიწყეთ მის გამოსწორებაზე ზრუნვა. სესხის დროულად გადახდა, მიმდინარე ვალდებულებების დაფარვა დადებითად აისახება თქვენს საკრედიტო რეპორტზე. თუ კრედიტებს დროულად ფარავთ, მაგრამ თქვენს საკრედიტო რეპორტში დაგვიანებული გადახდები ფიქსირდება, დაუკავშირდით კრედიტ ინფოს და მოითხოვეთ გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორება. სესხის აღებას პასუხისმგებლობით მიუდექით, ყოველთვის გაარკვიეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, გაეცანით ხელშეკრულებას და თანხა ისე ისესხეთ. კრედიტი მხოლოდ გამოუვალი ფინანსური მდგომარეობის დროს აიღეთ. ეს თავიდან აგარიდებთ ზედმეტ პრობლემებს. მარტივად შეძლებთ ბიუჯეტის გონივრულად მართვას და დადებითი საკრედიტო ისტორიის შექმნას.