მოვალეთა რეესტრში 200 ათასზე მეტი მოქალაქეა რეგისტრირებული. მომხმარებლები, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად ვალდებულები არიან გადაიხადონ დავალაინება, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ, მოვალეთა რეესტრში ხვდებიან. მასში ყველა ის ფიზიკური და იურიდიული პირია გაერთიანებული, რომელთა მიმართ მიმდინარეობს სააღსრულებლო წარმოება. რა შემთხვევაში რეგისტრირდება ჩვენი მონაცემები აღნიშნულ ბაზაში და რა უნდა ვიცოდეთ ფინანსური ვალდებულების დროს?
მომხმარებლის რეგისტრაცია მოვალეთა რეესტრში პრობლემური სესხის, ადმინისტრაციული ჯარიმისა და სხვადასხვა სახის ვალის გადაუხდელობის გამო ხდება. ბაზაში მოხვედრილ პირებს ეზღუდებათ გარკვეული უფლებები; ეკრძალებათ დარეგისტრირებული ქონების განკარგვა, თანხის გატანა საბანკო ანგარიშიდან და სხვა. ვალდებულების გადაუხდელობის შემთხვევაში მათი ქონება დაკარგვის რისკის ქვეშ დგება. მოვალეთა რეესტრს აწარმოებს აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემების განახლებასა და ხელმისაწვდომობას.
მოვალეთა რეესტრიდან პირის ამორიცხვა ხდება საქმის დასრულების შემდეგ. რისი საფუძველიც შეიძლება იყოს; სასამართლოს გადაწყვეტილება, აღსრულების შეწყვეტა, ვალდებულების გადახდა, ჯარიმის სხვა სახდელით შეცვლა.
პრობლემური სესხები – როგორ გავუმკლავდეთ ვალდებულებას
მომხმარებლებს ხშირად ექმნებათ სესხის გადახდის პრობლემა, მიუხედავად იმისა რომ საკრედიტო კომპანიები დეტალურად ამოწმებენ კლიენტის საკრედიტო ისტორიას და გადახდის შესაძლებლობას, პრობლემური სესხების რაოდენობა მაინც სწრაფი ტემპით იზრდება. დაბალი შემოსავალი, არასტაბილურობა, სიღარიბე კიდევ უფრო ართულებს ვალდებულების გასტუმრებას. სესხის გადაუხდელობის მიზეზი შეიძლება გახდეს გაცვლითი კურსიც. თუ კლიენტს კრედიტი უცხოურ ვალუტაში აქვს აღებული, ხოლო შემოსავალი ლარში აქვს, ეროვნული ვალუტის გაუფასურება მას საკრედიტო რისკის წინაშე აყენებს, რადგან ეს ზრდის გადასახადი თანხის ოდენობას.
როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ვალდებულებას გადახდას ვეღარ ვახერხებთ და სესხის გაპრობლემების წინაშე ვდგევართ?
პირველ რიგში, აუცილებელია არ დავემალოთ საკრედიტო კომპანიას, რადგან ეს ვერ მოაგვარებს ფინანსურ პრობლემას. სესხის დაგვიანების გადახდისას კი კიდევ უფრო გაიზრდება ჯარიმის ოდენობა. სესხების რესტრუქტურიზაცია კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ ვალდებულებების გადახდა უფრო მეტ დროში მოხდეს. რესტრუქტურიზაციის დროს ერთიანდება ყველა არსებული კრედიტი და მომხმარებელი ნაკლებ თანხას იხდის ყოველთვიურად. თუმცა ზოგჯერ საპროცენტო განაკვეთი იზრდება. ამასთან, ვადის გახანგძლივებისას კლიენტი მეტ თანხას იხდის. მომსახურებას ძირითადად მაშინ მიმართავენ, როდესაც რთული ხდება ვალდებულების შესრულება.
სესხის აღებამდე მნიშვნელოვანია გავეცნოთ კომპანიის პირობას; საპროცენტო განაკვეთის, დამატებითი საკომისიოების, გადასახადი თანხის ოდენობას. უფლება-მოვალეობებისა და სესხის პირობების ცოდნა პასუხისმგებლობით სესხების გარანტიაა, რაც მოვალეთა რეესტრში მოხვედრის რისკს მინიმუმამდე ამცირებს.