თანხის სწრაფად მიღების სურვილი, ონლაინ სესხის მარტივად აღების შესაძლებლობა – მსგავსი მიზეზების გამო მომხმარებლები ხშირად იღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას და ისე სარგებლობენ საკრედიტო პროდუქტებით. არასწორი ფინანსური არჩევანის შედეგი გაზრდილი ვალდებულებები და დამატებითი პრობლემებია. რა უნდა იცოდეთ სანამ რომელიმე საფინანსო კომპანიას მიმართავთ და როდის უნდა შეწყვიტოთ ახალი სესხის აღება?
მომხმარებლები ხშირად იღებენ ახალ სესხს არსებული ვალდებულების დასაფარად, რაც არ არის გამართლებული. თუ კრედიტს მხოლოდ პროცენტის გადასახდელად აიღებთ, თვის ბოლოს ორი ვალდებულების დაფარვა მოგიწევთ, რაც დამატებით ფინანსურ პრობლემას შეგიქმნით. თუ სესხის პროცენტის გადახდას ვერ ახერხებთ, არსებობს სხვა საშუალებებიც.
- გადავადება – გადავადების სერვისის საშუალებით შეგიძლიათ სესხის პროცენტი მოგვიანებით დაფაროთ. ამასთან, შეინარჩუნოთ დადებითი საკრედიტო ისტორია. დადებით საკრედიტო რეიტინგს დიდი მნიშვნელობა აქვს სესხის დამტკიცებისას. კომპანიები თანხის გაცემისას ამოწმებენ მომხმარებელის წარსულ გადახდებს და ამის მიხედვით აფასებენ რისკებს.
- რესტრუქტურიზაცია – თუ სესხის გადახდას ვერ ახერხებთ, დაუკავშირდით თქვენს საკრედიტო კომპანიას და სთხოვეთ გადახდის გრაფიკის შეცვლა. სესხის რესტრუქტურიზაცია სწორედ მომსახურების პირობის ცვლილებაა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მომხმარებელმა მარტივად შეძლოს ვალის დაფარვა. მომსახურებისას ხდება კლიენტის ყველა ვალდებულების გაერთიანება და მისი მეტ ვადაში გადანაწილება.
რა უნდა გაითვალისწინოთ ახალი სესხის აღებისას
სესხის აღებისას აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი შემოსავლის ოდენობა, აუცილებელი ხარჯების ოდენობა და კრედიტის გადახდის წყარო. მაგ: თუ თქვენი შემოსავალი ყოველთვიურად 1000 ლარს შეადგენს, უკვე სარგებლობთ სესხით, რომელზეც 200 ლარს იხდით და სხვა ვალდებულება არ გაქვთ, მცირე თანხა შეგიძლიათ ისესხოთ. მაგრამ თუ სხვა ვალდებულებებიც გაქვთ – იხდით გადასახადებს, ბინის ქირას და საერთო ხარჯი შემოსავლის 40%-ს აჭარბებს, ასეთ შემთხვევაში უმჯობესია თავი შეიკავოთ ახალი სესხის აღებისგან. ხშირია შემთხვევა, როდესაც მომხმარებლები სესხით მიღებულ თანხას არამიზნობრივად იყენებენ. ასეთ სიტუაციაში კიდევ უფრო იზრდება კრედიტის მომსახურების ხარჯები.
ახალი სესხის აღებამდე გაითვალისწინეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. გამოითვალეთ რა თანხის გადახდას შეძლებთ კრედიტზე, აუცილებელი ხარჯების დაფარვის შემდეგ. დააზუსტეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, გაეცანით კომპანიების შეთავაზებებს და შეარჩიეთ ისეთი საკრედიტო პროდუქტი, რომელიც თქვენს მოთხოვნებზე იქნება მორგებული და ნაკლები თანხის გადახდა მოგიწევთ. თუ არსებულ ვალდებულებებს ვერ ისტუმრებთ, ნუ აიღებთ დამატებით სესხს. მსგავსი გადაწყვეტილება პრობლემას ვერ გადაგიჭრით. იზრუნეთ შემოსავლის გაზრდასა და სესხების ეტაპობრივად დაფარვაზე.