დღეისათვის, ყოველი მეორე მოქალაქე სარგებლობს სესხით. ისინი ყველა შესაძლო გზას მიმართავენ თანხის მისაღებად; ავსებენ განაცხადს სწრაფი ონლაინ სესხის გამცემი კომპანიების ვებგვერდზე, მიდიან ფილიალებში, სთხოვენ ახლობელ ადამიანებს თავდებობას. ცოტა თუ ფიქრობს იმაზე თუ როგორ შეძლებს ვალდებულების დაფარვას. მომხმარებლების ნაწილი ვერ ახერხებს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას და პრობლემის წინაშე დგება. ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა იზრდება და ის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად რჩება. რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა, სანამ სესხს აიღებს და როდის შეუძლია კრედიტის გადახდაზე უარი თქვას?
სესხის ხანდაზმულობის ვადა 3 წელია. მისი ათვლა იწყება ვალდებულების შეუსრულებლობის მომენტიდან. მაგალითად, თუ სესხი გაიცა 2010 წელს და კლიენტმა ვერ შეძლო გადახდა 2012 წლიდან, სწორედ ამ დროიდან ბანკს წარმოეშვება მოთხოვნის უფლება და დაიწყება ხანდაზმულობის ვადის ათვლა. საფინანსო კომპანიას შეუძლია სარჩელი შეიტანოს სასამართლოში. ხოლო თუ ის არ მიმართავს შესაბამის ორგანოს სარჩელით, კლიენტის მიერ გადახდის შეწყვეტიდან 3 წლის მანძილზე, მისი მოთხოვნა ხანდაზმული გახდება, რაც იმას ნიშნავს რომ მოქალაქეს შეეძლება უარის თქმა თანხის გადახდაზე.
კომპანიები ხანდაზმული სესხების დროს ხშირად უგზავნიან მომხმარებელს წერილს სესხის გადახდის თაობაზე, იბარებენ კრედიტორთან ან პრობლემური სესხების მართვის სხვადასხვა სამსახურში. სთავაზობენ ახალი გადახდის გრაფიკის შედგენას. მომხმარებელს საჭიროა ჰქონდეს ინფორმაცია ხანდაზმული სესხების შესახებ, რათა დაიცვას თავისი უფლება. კრედიტის ხანდაზმულობის ვადის გასაკონტროლებლად, ნებისმიერ პირს შეუძლია მიიღოს მის შესახებ არსებული ინფორმაცია საფინანსო კომპანიაში, გაეცანოს დეტალურ საბანკო ამონაწერს, აკონტროლოს გადახდების თარიღი. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ კლიენტი თავისუფლდება ვალდებულებისგან და უფლება აქვს უარი თქვას კრედიტის გადახდაზე.
როგორ ავირიდოთ თავიდან სესხის გაპრობლემება
მომხმარებლების უმრავლესობა სესხის აღებას ჩქარობს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ აკვირდება მომსახურების პირობას, საპროცენტო განაკვეთს. თანხის გადახდისას კი ხვდება, რომ მაღალ საპროცენტო განაკვეთს იხდის და ვალდებულების დასაფარად გაცილებით მეტი თანხაა საჭირო, ვიდრე აქამდე ფიქრობდა. მსგავსი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად საჭიროა საკრედიტო პროდუქტის პირობების დეტალური შესწავლა, გადასახადი თანხის გამოთვლა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სესხის აღებისას, რათა დროულად შევძლოთ ვალდებულების გადახდა და თავიდან ავირიდოთ სესხის გაპრობლემება?
სანამ რომელი კომპანიის მომსახურებით ვისარგებლებთ, აუცილებელია გავიგოთ თუ რა საპროცენტო განაკვეთში გვთავაზობს პროდუქტს, რამდენის გადახდა მოგვიწევს ყოველთვიურად, რა დამატებითი ხარჯი შეიძლება გვქონდეს, აქვს თუ არა მომსახურებას საკომისიოები. საფინანსო კომპანიის ვებგვერზე შესაძლოა ამომწურავი ინფორმაცია ვერ მივიღოთ ჩვენს შეკითხვებზე, ამიტომ აუცილებელია კომპანიის წარმომადგენელთან დაკავშირება და გაუგებარი საკითხების დაზუსტება. ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს ყურადღებით გავეცნოთ ხელშეკრულებას, სანამ ხელს მოვაწერთ და გვახსოვდეს, რომ სწორედ ამ დოკუმენტით დარეგულირდება ურთიერთობა ჩვენსა და კრედიტორს შორის. პასუხისმგებლობით სესხება თავიდან აგვარიდებს სესხის გაპრობლემებას, დროულად შევძლებთ ვალდებულების გადახდას და შევიქმნით დადებით საკრედიტო ისტორიას.