დღეისათვის, ვადაგადაცილებული სესხები ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. მომხმარებლები ხშირად დაუფიქრებლად იღებენ კრედიტს და შემდეგ ვერ ახერხებენ თანხის გადახდას. ბოლო პერიოდში საკრედიტო პროდუქტები მსესხებელთა ფართო სეგმენტისთვის გახდა ხელმისაწვდომი. გამარტივებული სერვისების შედეგად სულ უფრო მეტი კლიენტი იღებს სწრაფ სესხს. რა უნდა ვიცოდეთ მომსახურებით სარგებლობამდე, როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან სესხის გაპრობლემება და როგორი სტატისტიკაა ამ მხრივ ქვეყანაში?
საკრედიტო პროდუქტით სარგებლობამდე მნიშვნელოვანია ყურადღებით გაეცანოთ მის პირობას; საპროცენტო განაკვეთს, დამატებით საკომისიოებსა და გადასახადი თანხის ოდენობას. დეტალურად წაიკითხეთ სესხის ხელშეკრულება, სანამ პროდუქტით ისარგებლებთ. ხელშეკრულების თავსართში მოცემულია ინფორმაცია ხარჯების და ფინანსური რისკების შესახებ. იმისათვის, რომ სესხი სწორად შეარჩიოთ და თავიდან აირიდოთ პრობლემები, აუცილებელია დაფიქრდეთ თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე, გაითვალისწინოთ შემოსავლის ოდენობა და ისე ისესხოთ თანხა.
კრედიტი პრობლემურად ითვლება იმ შემთხვევაში, როცა ძირი თანხისა და პროცენტის გადახდა 90 დღით ან მეტი ხნით გვიანდება. სესხი პრობლემურად შეიძლება ჩაითვალოს მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებითაც. ბანკები თითოეულ კრედიტს ანიჭებენ თავის კატეგორიას მომხმარებლის გადახდებიდან გამომდინარე. ეს შეიძლება იყოს; სტანდარტული, საყურადღებო, არასტანდარტული, საეჭვო ან უიმედო. თუ მსესხებელი ვერ შეძლებს სესხის დაფარვას და მის წინააღმდეგ დაიწყება სააღსრულებლო წარმოება, მისი მონაცემები დაფიქსირდება მოვალეთა რეესტრში. შესაბამისად, ის ვერ შეძლებს უძრავი თუ მოძრავი ქონების გაყიდვას, სხვისთვის გადაცემას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სესხის აღებას პასუხიმგებლობით მიუდგეთ და წინასწარ გაიგოთ მომსახურების პირობა. საკრედიტო პროდუქტებისა და თქვენი მოვალეობების ცოდნა თავიდან აგარიდებთ გაუთვალისწინებელ ფინანსურ პრობლემებს. მარტივად შეძლებთ ვალის დაბრუნებას და დადებითი საკრედიტო ისტორიის შექმნას. სესხის აღებისას განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ უზრუნველყოფილი კრედიტების მიმართ. გამოითვალეთ გადასახადი თანხის ოდენობა და დაფიქრდით რა რესურსით შეძლებთ სესხის გადახდას.
პრობლემური სესხების სტატისტიკა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისის თვეში ვადაგადაცილებული სესხების ოდენობამ 440.0 მლნ ლარი შეადგინა და 16.9 მლნ ლარით შემცირდა. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა 17.9 % შეადგინა. კრედიტების წლიური ზრდა კი 15.2 % იყო.
საკრედიტო პორტფელის 81.2% ივნისის თვეში გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 62.9% ვალუტაში იყო გაცემული. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ივნისში გაიზარდა, აღნიშნული კატეგორიის კრედიტების 57%-ს შეადგენს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები. როგორც ეროვნული ბანკის „თვის მიმოხილვაშია“ ნათქვამი, ივნისის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 16.9 მლნ ლარით შემცირდა და 440.0 მლნ ლარს გაუტოლდა.