ნებისმიერ საკრედიტო პროდუქტს თან ახლავს ფინანსური ხარჯი. მომხმარებლები ხშირად არ ეცნობიან მომსახურების პირობას. არ აკვირდებიან საპროცენტო განაკვეთს, გადასახადი თანხის ოდენობას და ისე იღებენ სესხს. შემდეგ კი ვეღარ ახერხებენ ვალდებულებასთან გამკლავებას. რა უნდა იცოდეთ სანამ რომელიმე საფინანსო კომპანიას მიმართავთ და მისი სერვისით ისარგებლებთ, რა ხარჯის გაღება შეიძლება დაგჭირდეთ საკრედიტო ბარათის ან სესხის დასაფარად?
ფინანსური ხარჯის ოდენობა დამოკიდებულია პროდუქტის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე. მისი გამოთვლისას გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ხარჯი და გაწევის პერიოდი. სარეკლამო შეთავაზებებში კომპანიები ხშირად აცხადებენ ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს, რაც ნაკლებია ეფექტურ საპროცენტო განაკვეთთან შედარებით. ნომინალური საპროცენტო განაკვეთი მითითებულია სასესხო ხელშეკრულებაში და ასახავს სესხზე დარიცხულ პროცენტს, მაგრამ ის არ მოიცავს კრედიტის მიღებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, რაც შეიძლება იყოს სესხის დამტკიცების, თანხის გატანის საკომისიო და სხვა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პირობები დეტალურად გაარკვიოთ, რათა წინასწარ განსაზღვროთ თუ რამდენის გადახდა მოგიწევთ სესხის დასაფარად.
საკრედიტო პროდუქტები და ფინანსური ხარჯები
საკრედიტო პროდუქტით სარგებლობა დამატებით ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გადასახადი თანხის ოდენობა თითოეულ მომსახურებაზე ერთმანეთისგან განსხვავდება. სესხით სარგებლობისას შეიძლება გქონდეთ შემდეგი ხარჯი:
- პროცენტი, რომელიც სესხის ძირითადი თანხის დასაფარად იქნება განკუთვნილი. განაღდების ან გადარიცხვის საკომისიო, რომელიც შეიძლება გქონდეთ ბანკიდან სესხის აღებისას.
- დაზღვევის ხარჯი – ზოგიერთი საბანკო პროდუქტით სარგებლობისას აუცილებელია დაზღვევის გაფორმება, რაც დამატებით ფინანსურ ხარჯთან არის დაკავშირებული.
- ცნობების ღირებულება – გრძელვადიანი სესხის აღებისას მოითხოვება დამატებითი ცნობების წარდგენა. აღნიშნული დოკუმენტები შესაძლოა ფასიანი იყოს.
- სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო – ზოგიერთი ტიპის კრედიტს აქვს წინსწრებით დაფარვის საკომისიო, რომელიც ძირითად შემთხვევაში 2%-ს შეადგენს.
სანამ რომელიმე ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მომსახურებით ისარგებლებთ, გაეცანით მის პირობას, დააზუსტეთ დეტალები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება. წაიკითხეთ ხელშეკრულება და ყურადღება გაამახვილეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობაზე. გადახდის პირობებთან ერთად, დააკვირდით სხვა დამატებით ხარჯებს, როგორიცაა კრედიტის წინსწრებით დაფარვის, დამტკიცების საკომისიო. პროდუქტის პირობის ცოდნა თავიდან აგარიდებთ გაუთვალისწინებელ ხარჯს. შესაბამისად, წინასწარ განსაზღვრავთ თუ რა თანხას იხდით. შეაფასებთ თქვენს რესურსს – რამდენი გაქვთ შემოსავალი და აქედან რა თანხის გადახდის შესაძლებლობა გაქვთ. თუ სესხის აღებას პასუხისმგებლობით მიუდგებით შეძლებთ კრედიტის დროულად დაფარვას, გაუთვალისწინებელი ხარჯების თავიდან არიდებას და დადებითი საკრედიტო ისტორიის შექმნას.