დღეს ჩვენ ყველანი შევიკრიბეთ – არა, იმისთვის არ შევკრებილვართ, რომ ვინმეს ქორწინება აღვნიშნოთ და არც თამადა იწყებს ბრტყელ და გრძელ სადღეგრძელოს ამ სიტყვებით. მოკლედ, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მიკროსესხების რაობასა და საჭიროებაზე, ასე ვთქვათ, მომხმარებელთა ქცევაზე მიკროსესხებთან მიმართებაში.
„პირველი სესხი სრულიად უფასო“ – მიმზიდველი შეთავაზება მათთვის, ვისაც ფული სჭირდება. მთავარი, რაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში უნდა გაითვალისწინოთ: სწორად შეაფასეთ ფულის საჭიროება და გამორიცხეთ „მოდი, ამ საღამოს დავლიოთ“ და „მოდი, ვისესხოთ და გავადავოთ“ – ამ და მსგავსი მიზეზებით ონლაინ და არამარტო ონლაინ სესხის აღება, როგორც წესი, ცუდი შედეგებით მთავრდება.
მიუხედავად ხალხში გავრცელებული აღქმებისა, არც ერთი ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია პირდაპირი გაგებით „დახმარებისთვის გამოწვდილი ხელი“ არ არის. ჩვენ ყველა მაქსიმალურად ზუსტად უნდა ვიაზრებდეთ, რა პასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე სწრაფი სესხის აღებისას.
შესაძლებელია ორჯერ ორად მოგეჩვენოთ, მაგრამ, რადგან ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ითქვას. სანამ სესხს აიღებთ, გულმოდგინედ გაეცანით პირობებს. გაიმეორეთ კიდეც, გამეორება ხომ ცოდნის დედაა. ზედმიწევნით დათვალეთ ყველა პროცენტი, აწარმოეთ თუ გინდათ მარტივი, თუ გინდათ რთული არითმეტიკა.
სწრაფი ონლაინ სესხის მთავარი პლუსი ხომ ის არის, რომ არ დგახართ რიგში, არ გთხოვენ საბუთების მთელ დასტას, სამსახურის ცნობას და ასე შემდეგ, მისი კომფორტულობის გასაღები კი ისაა, რომ აკონტროლოთ გადახდის ვადები და საპროცენტო განაკვეთი.
თუ სწორად აწონ-დაწონით სესხის აღების მიზეზს, შეადარებთ სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პირობებს და გულმოდგინეთ გაერკვევით პროცენტსა და გადახდის ვადებში, გამორიცხულია ერთი თვის მერე უმიზეზოდ აღებული ვალითა და ჯარიმებით დამძიმებული აღმოჩნდეთ!